გამოცდილების არქონის მიუხედავად, დამწყებ სამსახურის მაძიებლებს შეუძლიათ შექმნან ეფექტური რეზიუმე, რომელიც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში.  სტატიაში გაეცნობით რამოდენიმე მეთოდს თუ როგორ შევქმნათ ეფექტური CV..

იცოდეთ რა არის თქვენი  მიზანი
სხვადასხვა სფეროში სამუშაოს სპეციფიკა განსხვავებულია და შესაბამისად  თქვენი რეზიუმე უნდა შეესაბამებოდეს დამსაქმებლის  მოთხოვნებს. პირველ რიგში, კარგად უნდა გაიაზროთ რა უნარებსა / გამოცდილებას მოითხოვს  იგი და თქვენ რამდენად ხართ მზად შეასრულოთ ეს სამუშაო. თუ ამ კითხვას დამაჯერებლად ვერ უპასუხებთ, უმჯობესია თავიდან აიცილოთ დროის ფუჭად კარგვა და ძიება გააგრძელოთ. მაგრამ რა ხდება თუ ვიცით, რომ შეგვიძლია  სამუშაოს ჯეროვნად შესრულება, მაგრამ  მოთხოვნებს ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ? ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ,  როგორ არის ფორმულირებული შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მაგალითად თუ დამსაქმებელი ითხოვს მართვის მოწმობას, რომელიც ჩვენ არ გვაქვს დროს უბრალოდ ფუჭად დავხარჯავთ CV-ს გაგზავნით. თუმცა ხშირად მოთხოვნები "სასურველია" და არა მკაცრი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვცადოთ ბედი და დავარწმუნოთ დამსაქმებელი, რომ მოკლე ვადაში შევძლებთ ამ "შეუსაბამობის" აღმოფხვრას.

რა თქმა უნდა კარგია, როდესაც ჩვენი გამოცდილებით სრულად შევესაბამებით ვაკანსიის მოთხოვნებს. თუმცა ეს იშვიათად ხდება. მიუხედავად ამისა, მაინც შეგვიძლია გამოვნახოთ გზა ეფექტური რეზიუმის შესაქმნელად. მაგალითად შეგვიძლია   მივუთუთოთ:  მონათესავე სფეროში, მოხალისეობრივი, სტაჟირების , ახლობლებთან, პირადი საქმიანობის დროს ან სხვა არაპირდაპირ მიღებული გამოცდილება, რაც სხვა გამოუცდელ კონკურენტებთან შედარებით უკეთეს პირობებში ჩაგაყენებთ.

შექმენით რეზიუმე მარტივი ფორმატით

შეგიძლიათ შექმნათ ან გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპისა და ფორმატის დოკუმენტი (word, pdf) ან შაბლონი (google docs), მაგრამ  არ დაამატოთ მასში გრაფიკები, ცხრილები, ლოგოები და მსგავსი ტიპის გრაფიკული გამოსახულებები. რადგან ამ ტიპის დოკუმენტები ხშირად დამსაქმებელთან დამახინჯებული სახით იტვირთება და ასევე რთულია მათი რედაქტირება საჭიროების შემთხვევაში. 

თითოეულ სექციას თქვენს რეზიუმეში უნდა ქონდეს შესაბამისი სათაური (განათლება, გამოცდილება, უნარები და ა.შ გარდა საკონტაქტო ინფორმაციისა) , რომელიც შეიძლება გამოვყოთ მარტივი ქვედა ხაზით და და მივანიჭოთ მცირედით განსხვავებული ფერი ან გავასქელოთ ფონტი (bold). სასურველია ინფორმაცია იკავებდეს მხოლოდ ერთ გვერდს, ჰქონდეს სტანდარტული დაშორებები კიდეებიდან, ფონტის ზომა 16PX და რაც მთავარია ადვილად გასარჩევი. თუ თქვენ აპირებთ ელ.ფოსტით რეზიუმეს გაგზავნას უმჯობესია თუ გამოიყენებთ PDF ფორმატს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მიუთითეთ დოკუმენტის ბოლოში და არა დასაწყისში. დამსაქმებელს თქვენი უნარები , განათლება და გამოცდილება უფრო მეტად აინტერესებს ვიდრე სახელი და გვარი. თუ რამოდენიმე ნომერი გაქვთ მიუთითეთ ის, რომელიც ყოველთვის ჩართულია და მარტივი დასამახსოვრებელია. ელექტრონული ფოსტის მისამართი უმჯობესია იყოს თქვენი სახელის და გვარის კომბინაცია და არა რაიმე bachia@gmail.com-ის მსგავსი. მისამართში უნდა იყოს ინფორმაცია თქვენი საცხოვრებელი ქალაქის / რაიონის და ზოგიერთ შემთხვევაში  უბნის შესახებ. ოთახის ნომრის მითითება არაა საჭირო :).  

შეჯამება ან დამატება

 თუ გაქვთ რაიმე  ინფორმაცია დამსაქმებლისთვის რომელსაც დოკუმენტის ფორმატს ვერ უსადაგებთ, შეგიძლიათ დაამატოთ დამატებითი სექცია თქვენს რეზიუმეს. სადაც მოკლედ ჩაწერთ თქვენს სათქმელს. მაგ. "ამჟამად სტუდენტი ვარ და შემიძლია ვიმუშაო მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე ".

განათლება

ნათლად და გასაგებად ჩამოწერეთ თქვენი განათლების შესახებ. თუ სწავლობთ ვაკანსიის შესაბამის სფეროს და კარგი ნიშნებით გამოირჩევით შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ როგორც უპირატესობა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რელევანტური სერთიფიკატებისა და  სიგელების, მითითება.

გამოცდილება

დამწყები სამსახურის მაძიებლისთვის ყველაზე დიდ პრობლემას გამოცდილების არქონა წარმოადგენს, თუმცა შესაძლებელია ჩამოვთვალოთ ისეთი აქტივობები რაც დამსაქმებელს დაანახებს, რომ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული და მოტივირებული იმუშაოთ შესაბამის სფეროში. ჩამოწერეთ ნებისმიერი ტიპის გამოცდილება რაც გაქვთ მიღებული თუნდაც სტაჟირების ან მოხალისეობის დროს.  ეს უნდა იყოს იმ სფეროს შესაბამისი სადაც გსურთ დაიწყოთ კარიერული განვითარება.

სხვა შესაბამისი ინფორმაცია

შეგიძლიათ CV-ში დაურთოთ დამატებითი ინფორმაცია სამუშაოს შესასრულებლად საჭირო  უნარების, ჰობის  და შესაძლებლობების შესახებ. მაგალითად საოფისე პროგრამების, უცხო ენების ცოდნა ან თუ საცურაო აუზზე გსურთ ტრენერად მუშაობის დაწყება კარგი იქნება ჰობში ცურვას, ვარჯიშს, და ადამიანებთან ურთიერთობას თუ ჩაწერთ. მოერიდეთ CV-ში შეუსაბამო ინფორმაციის მითითებას, მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა.

და ბოლოს ...

წარმატებას გისურვებთ !